კლიმატის მწვანე ფონდმა საქართველოს 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო
კლიმატის მწვანე ფონდმა საქართველოს 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო

კლიმატის მწვანე ფონდმა საქართველოს 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო, რაც ქვეყანაში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერას და სათბური აირების ემისიის შემცირებას მოხმარდება.

პროექტი კახეთის, გურიის და თიანეთის შვიდ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობების და მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.

კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.

ღონისძიებას ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, საქართველოში გერმანიისა და შვეიცარიის ელჩებიც ესწრებოდნენ.

შვიდწლიანი პროექტი 2021 წლის მარტში დაიწყება და 2027 წლის დეკემბერში დასრულდება.

„ამ პროექტს ყვარლის, თელავის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში განვახორციელებთ. იქნება ბიზნესის ხელშეწყობის პროექტებიც, რომელიც გულისხმობს ალტერნატიული ბიო მასისგან დამზადებული საწვავის წარმოებას. ეს იქნება პატარა გადამამუშავებელი საწარმოები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ალტერნატიული საწვავის გაჩენას, რაც მოსახლეობისთვის საწვავზე წვდომას გაამარტივებს. ასევე, სატყეო საგეენტოს შესაძლებლობები გაძლიერდება. ისინი მეტად და ეფექტურად შეძლებენ მერქნული რესურსის დამზადებას და შესაბამისად, კომფორტულ პირობებში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობა გაიზრდება. მოსახლეობას ერთ სივრცეში შეუძლია მიიღოს ის რესურსები, რასაც ტყე გვაძლევს. ეს ყველაფერი ტყის ეკოსისტემის გაუმჯობესებაზე იმოქმედებს. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ დეგრადირებული ტყეები აღვადგინოთ. ტყეში ეკოლოგიური კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ჩვენი ტყე უფრო ჯანსაღი იყოს, რაც პირდაპირ მოქმედებს კლიმატზე. მომავალი თაობებისთვის ტყის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.