კლერ მუდი - საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია
კლერ მუდი - საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრი კლერ მუდი აცხადებს, რომ რეფორმების მხრივ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია. როგორც საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ მუდიმ განაცხადა, ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს მოსახლეობისთვის კეთილდღეობის მომტანი უნდა იყოს.

„საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებიდან მოწინავეა, რაც არაერთხელ გვითქვამს. პარლამენტში ფართო სპექტრის საკითხები განვიხილეთ. საქართველოში ჩამოსვლა კარგი შანსია, რომ ადგილზე გავეცნოთ ვითარებას და ვნახოთ რეფორმების შედეგები. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია. გატარებულია არსებითი რეფორმები, შესანიშნავი პროგრესი სახეზეა. მინდა, მთელი გულით მოგილოცოთ ეს პროგრესი. რეფორმები უნდა გაგრძელდეს. ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე. ამ ხელშეკრულებას აქვს და უნდა ჰქონდეს გავლენა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, კეთილდღეობის მომტანი უნდა იყოს.

მე ევროპარლამენტში უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვარ და უსაფრთხოების საკითხები ძალიან ახლოა ჩემთან. მოვისმინეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ანგარიში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, დღემდე გადაუჭრელ პრობლემებზე. ქართველმა ხალხმა იცის, რომ  ევროპარლამენტს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს და ყოველთვის მკაფიო და მყარია თავის პოზიციებში. ამის დასტური იყო ის რეზოლუციაც, რომელიც ჩვენ აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით მივიღეთ. ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და აქტიურად არის ჩართული პროცესში“, – განუცხადა კლერ მუდიმ პირველ არხს.

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეშვიდე სხდომას მასპინძლობს. ღონისძიება ორდღიანია. 19 სექტემბერს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი კენჭს უჭრის ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციებს, რის შემდეგაც, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების პრესკონფერენცია გაიმართება.