კლერ მუდი - მოხარული ვარ, რომ შედგება დებატები, მივიღებთ რეზოლუციას და ქართველ ხალხს მხარდაჭერას გამოვუცხადებთ
კლერ მუდი - მოხარული ვარ, რომ შედგება დებატები, მივიღებთ რეზოლუციას და ქართველ ხალხს მხარდაჭერას გამოვუცხადებთ

მოხარული ვარ, რომ შედგება დებატები, მივიღებთ რეზოლუციას და ქართველ ხალხს მხარდაჭერას გამოვუცხადებთ, – ამის შესახებ პირველ არხს ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ განუცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა უნდა გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

„რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ევროპარლამენტის პოზიცია. ჩვენ ვამბობთ, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას უნდა ჰქონდეს წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების უფლებების დარღვევა უნდა შეწყდეს, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები უნდა დაცული იყოს.

ევროპარლამენტი მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას. ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს აღებული ვალდებულება. რუსეთმა უნდა გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ ჭრილობები მოუშუშებელია, ომის შედეგები მძიმეა, დევნილები საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან, რუსეთი ქმნის დესტაბილიზაციას რეგიონში. ევროპარლამენტს ახსოვს და არასდროს დაივიწყებს 2008 წლის ომს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებს და ვამბობთ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მოხარული ვარ, რომ შედგება დებატები, მივიღებთ რეზოლუციას და ქართველ ხალხს მხარდაჭერას გამოვუცხადებთ“, – აცხადებს კლერ მუდი.

ევროპარლამენტარი კლერ მუდი აცხადებს, რომ რეზოლუციაში არჩილ ტატუნაშვილის გვარი იქნება.

„არჩილ ტატუნაშვილის გვარი იქნება რეზოლუციაში. ჩვენ არაერთხელ დავგმეთ მომხდარი. ეს არის ტრაგედია. უმძიმესი საქმე და ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას. ჩვენ გავეცანით ექსპერტიზის საქართველოში მომზადებულ დასკვნას. მე შემძრა მომხდარმა. ევროპარლამენტი ვალდებულია თქვას, რომ რაც მოხდა, მიუღებელია, ვგმობთ და მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს. ვუსამძიმრებ ოჯახს, ქართველ ხალხს და მიიღეთ ჩვენი მხარდაჭერა“, – აღნიშნა კლერ მუდიმ.

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, რომელზეც სიტყვით გამოვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ. ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, 14 ივნისს უყრიან კენჭს.