კლერ კაიზერი - ვიპოვოთ გზა, ვითანამშრომლოთ უსაფრთხოების, რეგიონული ინტეგრაციის საფუძველზე, საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალს განსაზღვრავენ ქართველები და არა - ვაშინგტონი
ვიპოვოთ გზა, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან უსაფრთხოების, რეგიონული ინტეგრაციის, ეკონომიკური პლატფორმის საფუძველზე. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალს განსაზღვრავენ ქართველები და არა – ვაშინგტონი, – ამის შესახებ McLarty Associates-ის მმართველმა დირექტორმა, კლერ კაიზერმა ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საბოლოოდ ეს სასარგებლო უნდა იყოს არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ უფრო ფართო რეგიონისთვის.
„ვნახეთ, როგორ გამოდიან ქართველები ქუჩებში და, დიდი რისკის მიუხედავად, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყოველდღიურად აპროტესტებენ. არ დავივიწყოთ, რომ ისინი ამ წუთასაც კი კვლავ ქუჩებში არიან. მეტიც, კომისია კარგად იცნობს, რამდენად გაუარესდა აშშ-საქართველოს ურთიერთობები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ინტენსიური გახდა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მაგრამ ახალი ფენომენი არ არის. ეს განსაკუთრებით გამწვავდა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. აღსანიშნავი იყო 2009 წლის აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის შეჩერება 2024 წლის ნოემბერში, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური პასუხი, ისევე როგორც მალევე დაწესებული აშშ-ის სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეპრესიების სხვა ძირითადი მხარდამჭერების წინააღმდეგ.
ვფიქრობ, ღირს აღნიშვნა, რომ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ შეინარჩუნა ეს ზომები უცვლელად, ამავდროულად, ყურადღება გაამახვილა კავკასიის რეგიონზე. სიმართლე რომ ითქვას, ეს ალბათ უმეტესობას გაუკვირდა. ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს ვიზიტს როგორც ერევანში, ასევე ბაქოში – პირველი მოქმედი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ოდესმე სომხეთს სტუმრობს და უმაღლესი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი, რომელიც აზერბაიჯანს ათწლეულების განმავლობაში ეწვია.
ვიზიტი, რა თქმა უნდა, აჩვენებს, რომ ადმინისტრაცია პრიორიტეტს ანიჭებს დონალდ ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტს, რომელიც გასულ წელს გამოცხადდა თეთრ სახლში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის შეხვედრის დროს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ უნდა განისაზღვროს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრანსპორტული მარშრუტის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანისა და სომხეთ-თურქეთის ნორმალიზაციის უფრო ფართო კონტურებთან დაკავშირებით. რაც ნათელია, არის ის, რომ აშშ აკეთებს სტრატეგიულ არჩევანს, გაზარდოს თავისი ჩართულობა კავკასიის რეგიონში ზუსტად ამ მომენტში.
რა თქმა უნდა, ნათლად ჩანს, რომ საქართველო არ არის ჩართული კავკასიაში აშშ-ის ახალ აქტიურ პოლიტიკაში. საქართველო რეგიონში აშშ-ის ყველაზე მტკიცე პარტნიორი იყო – დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების წარმატებული მაგალითი, ქვეყანა, რომელიც აშშ-ის ძალებთან ერთად იბრძოდა და რომლის ტერიტორიის 20% დღესაც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება, თუმცა ახლა საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ ჩართულიყო კავკასიაში მიმდინარე ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციაში.
სომხეთ-აზერბაიჯანის დაახლოება წარმოადგენს ახალ შესაძლებლობას არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ უფრო ფართო რეგიონისთვის კასპიის ზღვისა და შავი ზღვის რეგიონში და აშშ-ის ჩართულობის, სტრატეგიული ინტერესებისთვის მთელი რეგიონის მასშტაბით. ათწლეულის წინ აშშ-მა დაიწყო C5+1 პლატფორმა ცენტრალური აზიის ხუთ მთავრობასთან რეგიონული ინტეგრაციის ხელშეწყობისა და მასში აშშ-ის ჩართულობისთვის.
C5-ის თითოეულ ქვეყანასთან და აშშ-თან ორმხრივი ურთიერთობები კვლავ არსებობს, თავად პლატფორმა ძლიერია და სულ უფრო აქტიურდება, როგორც ეს ვნახეთ ნოემბერში ვაშინგტონში გამართულ სამიტზე. აშშ-ის პოლიტიკის შემქმნელებს შეუძლიათ, საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრანსპორტული მარშრუტის პროექტის საფუძველზე შექმნან მსგავსი ინიციატივა და მიანიჭონ მას უფრო მყარი საფუძველი – თუნდაც C3. ეს კი განამტკიცებს აშშ-ის ინტერესებს რეგიონში ინტეგრაციისა და თანამშრომლობის პროცესში გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს არ არის გადატვირთვა საქართველოსთან, ეს არის ცდა, ვიპოვოთ გზა, ვითანამშრომლოთ მათთან უფრო ფართო რეგიონული, უსაფრთხოების, რეგიონული ინტეგრაციის, რეგიონული ეკონომიკური პლატფორმის საფუძველზე, რაც საბოლოოდ სასარგებლო უნდა იყოს არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ უფრო ფართო რეგიონისთვის. ვფიქრობ, ეს საშუალებას მოგვცემს, პარალელურად, გამოვარკვიოთ აშშ-საქართველოს შიდა საკითხები და გზები, განვახორციელოთ ზოგიერთი ინიციატივა. საქართველოს ისტორია დიდია, მისი ხალხი მედეგია და, საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალს განსაზღვრავენ ქართველები და არა – ვაშინგტონი, მაგრამ მაინც, ამ მომენტში, 2026 წლის თებერვალში, ვხედავთ უჩვეულო, მოულოდნელ დინამიზმს კავკასიის რეგიონში, მათ შორის მასში აშშ-ის ელემენტით. მაინც ვიყოთ ღია, ვიფიქროთ შემოქმედებითად რეგიონული მიდგომის შესახებ, გამოვიყენოთ შესაძლებლობა იმ იმედით, რომ საქართველოს ხალხისა და აშშ-ის ხალხის ინტერესებს საუკეთესოდ მოემსახურება გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა კლერ კაიზერმა.