კლაუდიო მარკიზიომ კარიერა დაასრულა
კლაუდიო მარკიზიომ კარიერა დაასრულა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა მოთამაშის კარიერის დასრულების შესახებ.

„მე შევძელი საკუთარი ოცნების რეალიზება და წასვლის დრო მოვიდა“, – მოჰყავს მარკიზიოს სიტყვები „სკაი სპორტს“ – „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, გონება ძველებურად მუშაობდა, მაგრამ ჩემი სხეული ისე აღარ მემორჩილებოდა, როგორც ადრე. ამის შესახებ ბევრი ფიქრი დავიწყე. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ – მე 40 წლისაც შევძლებდი თამაშს. მნიშვნელოვანია, როგორ გრძნობ თავს. მქონდა ბევრი შეთავაზება, მაგრამ რეპუტაციის შენარჩუნებაზე უნდა მეზრუნა. არ შემეძლო ამ წინადადებების მიღება, რადგან დარწმუნებული არ ვიყავი, რომ გავქაჩავდი.

ძალიან ბევრი ტიტული მოვიგე. ეს ემოციები მთელი ცხოვრება ჩემთან დარჩება. მინდა მადლობა გადავუხადო ოჯახს, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. მე ერთი ჩვეულებრივი ტურინელი ბიჭი ვარ, რომელსაც მხოლოდ ბავშვობის ოცნების ასრულება და თავის საყვარელ გუნდში თამაში სურდა.

არ ვიცი, რას გავაკეთებ ფეხბურთის შემდეგ. ჯერჯერობით, დავისვენებ და ვიფიქრებ ამაზე. არ მეშინია გაურკვევლობის“.

33 წლის იტალიელი თამაშობდა „იუვენტუსის“, „ემპოლისა“ და „ზენიტის“ რიგებში. ტურინულ კლუბში 13 წელი დაჰყო, 389 მატჩი ჩაატარა, 37 გოლი გაიტანა და 43 შედეგიანი პასი შეასრულა. „იუვენტუსის“ რიგებში შვიდჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და ოთხჯერ – იტალიის თასი.

ასევე მარკიზიოს ანგარიშზეა 55 მატჩი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში.