კლასიკური მუსიკის მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი 2-12 სექტემბერს, ბათუმში მეექვსედ გაიმართება
კლასიკური მუსიკის მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი 2-12 სექტემბერს, ბათუმში მეექვსედ გაიმართება

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest იუნესკოს პატრონაჟით წელს მეორედ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში ბათუმს ეწვევიან პიანისტი ბარი დუგლასი, ლიზ დე ლა სალი, დირიჟორი მირონ მიხაილიდისი და ცნობილი ქართველი შემსრულებლები.

ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ დარბაზში, ორ სექტემბერს დავით მუქერიას დირიჟორობით, პირველად საქართველოში, მაყურებლის წინაშე ჰენრიკ ვინიავსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი ვერიკო ჭუმბურიძე ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტით წარდგება.

ელისო ბოლქვაძესთან ერთად, რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდის მონაწილეობით, 12 სექტემბერს გაიმართება ფესტივალის დასკვნითი კონცერტი, რომელსაც პირველი არხი ევროპის მაუწყებელთა კავშირისთვის (EBU – European Broadcasting Union) ჩაიწერს.

ფესტივალი საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, ელისო ბოლქვაძემ 2013 წელს დააარსა. ფესტივალი აერთიანებს როგორც კლასიკური მუსიკის მოყვარულებს, ასევე პროფესიონალებს, სცენას უთმობს მსოფლიოში აღიარებულ არტისტებს, ახალგაზრდა მუსიკოსებს.

ფესტივალი საქართველოს სახელმწიფოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთობლივი პროექტია.