კიტ კელოგი - რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების ყველაზე პოზიტიური შედეგია ის, რომ თითოეული მხრიდან დაგეგმილია ათასი სამხედროს დაბრუნება, 400-ზე მეტი უკვე დაბრუნდა
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი ტყვეების გაცვლას რუსეთ-უკრაინას შორის სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების ყველაზე პოზიტიურ შედეგად აფასებს, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა.
„გასულ კვირას სტამბოლში გამართული რუსულ-უკრაინული ტექნიკური მოლაპარაკებების ყველაზე პოზიტიური შედეგი: თითოეული მხრიდან დაგეგმილია ათასი სამხედროს დაბრუნება, 400-ზე მეტი უკვე დაბრუნდა. მადლობა რუსტემ უმეროვს ამაში დახმარებისთვის. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, მკვლელობები უნდა დასრულდეს“, – წერს კიტ კელოგი სოციალურ ქსელში.
16 მაისს რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებული ტყვეების გაცვლის პირველი ეტაპი გუშინ შედგა. მხარეებმა ერთმანეთს 390-390 ტყვე გადასცეს, რომელთა შორის სამხედროები და სამოქალაქო პირები არიან. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ტყვეების გაცვლის პროცესი დღეს და ხვალაც უნდა გაგრძელდეს. სტამბოლში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ტყვეების გაცვლა ფორმულით „ათასი ათასზე“ უნდა შედგეს.