კიტ კელოგი - ასობით ათასი მსხვერპლია ორივე მხარეს, უკრაინამ სამ წელიწადში დაკარგა იმაზე მეტი ჯარისკაცი, ვიდრე შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამისა და კორეის ომში ერთად
უკრაინამ ომში უფრო მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე აშშ-მა ვიეტნამსა და კორეაში, – ამის შესახებ უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ასობით ათასი მსხვერპლია ორივე მხარეს. მარტო უკრაინამ სამ წელიწადში დაკარგა მეტი ჯარისკაცი, ვიდრე ჩვენ დავკარგეთ ვიეტნამისა და კორეის ომში ერთად“, – განაცხადა კელოგმა.
კელოგის თქმით, დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეძლებს უკრაინაში ომის დასრულებას, როცა კიევთან და მოსკოვთან დიალოგს დაამყარებს. ამასთან, კელოგმა აღნიშნა, რომ ბრძოლა დიპლომატიისა და ეკონომიკის წყალობით დასრულდება.
„რუსეთი იღებს მილიარდობით დოლარს ნავთობის გაყიდვით. რა იქნება, თუ ფასი დაიწევს ბარელზე 45 დოლარამდე?“- აღნიშნა კელოგმა.
ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, ვიეტნამის ომის დროს 58 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, კორეის ომის დროს კი – 37 000.