კიტ კელოგი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეჩერების შესახებ, ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხისმგებლობაა
კიტ კელოგი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეჩერების შესახებ, ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხისმგებლობაა

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეჩერების შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხისმგებლობაა.

„ძალიან გულწრფელად, მათ თავად გამოიწვიეს ეს. არ უნდა ეცადო, შეეწინააღმდეგო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ოვალურ კაბინეტში. პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ყველა ვარიანტი განიხილება ამ ომის დასასრულებლად“,- აღნიშნა კელოგმა.

ამასთან, კიტ კელოგის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთთან მიმართებით ითვალისწინებს ურთიერთობების „გადატვირთვის“ აუცილებლობას.

„პრეზიდენტ ტრამპის მიდგომაში ამ ომთან დაკავშირებით არსებობს უფრო ფართო სტრატეგიაც. ეს გულისხმობს იმის გაცნობიერებას, რომ აშშ-მა უნდა გადატვირთოს ურთიერთობები რუსეთთან. რუსების იზოლაციისა და მათთან ურთიერთქმედების არქონის გაგრძელება, მაშინ როცა უკრაინაში ომი გრძელდება, აღარ არის სიცოცხლისუნარიანი ან მდგრადი სტრატეგია“, – აღნიშნა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

რუსეთზე ზეწოლაზე საუბრისას კიტ კელოგმა აღნიშნა, რომ ძალაში რჩება სანქციები რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ, რომელიც რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას ეწევა. კელოგმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაცია და რუსეთის ენერგეტიკაზე მაქსიმალური ზეწოლა არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ტრამპს შეუძლია გამოიყენოს რუსეთზე ზეწოლისთვის.