კიშინეუს აეროპორტში მამაკაცმა, რომელსაც მოლდოვაში შესვლაზე უარი უთხრეს, ცეცხლი გახსნა, დაღუპულია ორი ადამიანი
კიშინეუს აეროპორტში მამაკაცმა, რომელსაც მოლდოვაში შესვლაზე უარი უთხრეს, ცეცხლი გახსნა, დაღუპულია ორი ადამიანი

კიშინეუს აეროპორტში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ცნობებით, უცხოელ მამაკაცს უარი უთხრეს მოლდოვაში შესვლაზე, რა დროსაც მან მესაზღვრეს იარაღი გამოსტაცა და ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელი ადგილზე სპეციალური დანიშნულების ბატალიონმა გაუვნებელყო. ის დაჭრილია და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფენ.

ინციდენტის გამო აეროპორტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. კიშინეუს აეროპორტი დროებით დახურულია, რეისები შეჩერებულია. მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, დაღუპულები არიან მესაზღვრე და აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.