კირკუკში ტერაქტს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
კირკუკში ტერაქტს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა ჩრდილოეთ ერაყში, კირკუკის შიიტური მეჩეთის სიახლოვეს ორი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას. 20-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია.

ეს პირველი თავდასხმაა კირკუკზე მას შემდეგ, რაც ერაყის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქალაქი ქურთული ძალებისგან გამოიხსნა. ნავთობით ცნობილი კირკუკი, რომლის მოსახლეობა მილიონს შეადგენს, ქურთების კონტროლის ქვეშ სამი წლის განმავლობაში იყო.

კირკუკის მოქმედმა გუბერნატორმა, რაკა საიდმა, ერაყის პრემიერს, ჰაიდერ ალ-აბადის დაცვის გასაძლიერებლად დამატებით ჯარის გაგზავნის მოთხოვნით მიმართა.

გუბერნატორის განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურები და პოლიციური შენაერთები საკმარისი არაა კირკუკის სრულად დასაცავად და ჯარის გაორმაგებაა საჭირო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

პოლიციის ცნობით, გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან დაშავებულთაგან ზოგიერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ეს ხალხმრავალი ქუჩაა. ამას ემატება გარემოვაჭრეებიც. ტერორისტების მიზანი ბევრი ადამიანის მკვლელობა იყო“, – ამბობს კირკუკის პოლიციის მაიორი.

ქურთების „ფეშმერგას“ სამხედრო შენაერთთან სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ, ერაყის სამთავრობო არმიამ ქალაქი ალტუნ კუპრი 20 ოქტომბერს დაიკავა და კირკუკის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა.