კირილ დმიტრიევი - ვფიქრობ, ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება აბსოლუტურად შეუძლებელია და ეს პოზიცია ფართოდ მიღებულია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ
კირილ დმიტრიევი - ვფიქრობ, ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება აბსოლუტურად შეუძლებელია და ეს პოზიცია ფართოდ მიღებულია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის შეუძლებელია და ეს პოზიცია ფართოდ მიღებულია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ. ამის შესახებ ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა დმიტრიევმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

წამყვანმა დმიტრიევს ჰკითხა, უკრაინისთვის რა სახის უსაფრთხოების გარანტები შეიძლება იყოს მისაღები რუსეთისთვის?

„ვფიქრობ, ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება, როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, აბსოლუტურად შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ ეს ფართოდ მიღებულია, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ. უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები რამე ფორმით, შესაძლოა, იყოს მისაღები“, – აღნიშნა რუსმა მომლაპარაკებელმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს სურს ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში და მან საჯაროდ დაასახელა ამისთვის ზოგიერთი პირობა.

წამყვანმა რუსეთის წარმომადგენელს ასევე ჰკითხა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის საფრთხეზე.

„ძალიან ბევრი ცრუ და ყალბი ნარატივია, როგორიცაა ის, რომ რუსეთი, შესაძლოა, თავს დაესხას ევროპას. ვფიქრობ, ეს უბრალოდ გიჟური იდეაა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან ბევრი გიჟი ადამიანია, ვინც ამას განიხილავენ. ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ძალიან რეალისტია, მან იცის, რომ ეს არ მოხდება და მნიშვნელოვანია, არსებობდეს დაცვის მექანიზმები“, – განაცხადა დმიტრიევმა.

ამასთან, კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ აშშ-თან ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში რუსეთი არ ითხოვს სანქციების მოხსნას. რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მესამე მსოფლიო ომის დაწყება აღკვეთა.