კირ სტარმერის ოფისში აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის თავდაცვის შეთანხმება კვიპროსის სამხედრო ბაზის გამოყენებას არ ითვალისწინებს

00:23, 22.03.2026

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ოფისში აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის თავდაცვის შეთანხმება კვიპროსის სამხედრო ბაზის გამოყენებას არ მოიცავს. საუბარია კუნძულზე მდებარე აკროტირის საჰაერო ბაზაზე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს ეკუთვნის.

„აკროტირი არ იქნება ჩართული დიდი ბრიტანეთის მიერ აშშ-თან დადებულ შეთანხმებაში. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კვიპროსში ბრიტანული ბაზები არ იქნება გამოყენებული რაიმე შეტევითი სამხედრო ოპერაციებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის ოფისის სპიკერმა.

ამასთან, კვიპროსის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, სტარმერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „კვიპროსის რესპუბლიკის უსაფრთხოება ფუნდამენტურია გაერთიანებული სამეფოსთვის და ამ მიზნით მიღებულია გადაწყვეტილება, გააძლიეროს უკვე არსებული პრევენციული ზომების ხელშემწყობი საშუალებები“.

ცნობისთვის, ბრიტანეთმა აშშ-ს ნება დართო, გამოიყენოს მისი სამხედრო ბაზები იმ ირანულ ობიექტებზე დარტყმებისთვის, რომლებსაც მიზანში ჰორმუზის სრუტე აქვთ ამოღებული, მათ შორის საუბარია კუნძულ დიეგო გარსიაზე, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. 1970-იანი წლებიდან კუნძულზე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო ბაზა არსებობს. აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, 20 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ს უარი უთხრა, ირანის წინააღმდეგ გამოიყენოს დიეგო გარსიას კუნძულსა და გლოსტერშირში მდებარე სამხედრო ბაზები.

მსგავსი