კირ სტარმერი - რეპორტიორებმა, რომლებიც კონფლიქტს აშუქებენ, უნდა შეძლონ მუშაობა შიშის გარეშე, ისრაელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებმა უსაფრთხოდ შეასრულონ თავიანთი სამუშაო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ღაზაში „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებით.
„რეპორტიორები, რომლებიც კონფლიქტს აშუქებენ, დაცულნი არიან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით. ჟურნალისტებმა უნდა შეძლონ, დამოუკიდებლად იმუშაონ შიშის გარეშე. ისრაელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებმა უსაფრთხოდ შეასრულონ თავიანთი სამუშაო“, – აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ბრიტანეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ფოკუსირებული არიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, მძევლების გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული დახმარების გაძლიერების საკითხებზე.
ცნობისთვის, „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაღუპულია ცნობილი ჟურნალისტი ანას ალ-შარიფი და მისი ოთხი კოლეგა ოპერატორი.
როგორც ისრაელში განმარტეს, მათ ჰქონდათ მტკიცებულება, რომ ჟურნალისტი მონაწილეობდა ისრაელზე სარაკეტო იერიშების განხორციელებაში.