კირ სტარმერი - პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივ შეთანხმებად გადასაქცევად და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად
კირ სტარმერი - პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივ შეთანხმებად გადასაქცევად და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება და აცხადებს, რომ შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტანს.

მისივე თქმით, მსოფლიომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მშვიდობის შესანარჩუნებლად.

„მივესალმები ღამით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტანს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ცეცხლის შეწყვეტის მხარდასაჭერად და შესანარჩუნებლად, მისი ხანგრძლივ შეთანხმებად გადაქცევისთვის და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად“, – განაცხადა სტარმერმა.

ამასთან, „დაუნინგ სტრიტის“ განცხადებით, სტარმერი დღეს სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩავა, რათა რეგიონის ქვეყნების ლიდერებს შეხვდეს.

„რეგიონის ლიდერებთან შეხვედრებისას ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს დიდი ბრიტანეთის ურყევ მხარდაჭერას და გრძელვადიანი დიპლომატიური რეზოლუციის საჭიროებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ხანგრძლივ შეთანხმებამდე მიგვიყვანს. ის მოლაპარაკებებს გამართავს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის მუდმივი უზრუნველყოფის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თანახმაა, ორი კვირით შეაჩეროს ირანის დაბომბვა. ამასთან, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტას დათანხმდა, თუმცა ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს.