კირ სტარმერი - მინესოტასთან დაკავშირებული კადრები, რომლებიც ვნახე, შემაშფოთებელია
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მინესოტაში სროლების გამო შეშფოთებულია.
ამის შესახებ მან ჩინეთში მგზავრობის დროს თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ არ აპირებს, სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე ვრცელი კომენტარი გააკეთოს.
„არ მგონია, ვინმემ ნახოს ზოგიერთი კადრი და არ თქვას, რომ ის შემაშფოთებელია. მაგრამ მე არ ვამტკიცებ, რომ ყველა კადრი და ყველა დეტალი ვნახე. იმის გათვალისწინებით, რაც ვნახე, ვიტყოდი, რომ ეს შემაშფოთებელია“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
ცნობისთვის, 24 იანვარს მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით ცეცხლის გაუხსნეს. მინეაპოლისის პოლიციის უფროსის, ბრაიან ო’ჰარას თქმით, მოკლული 37 წლის მამაკაცი აშშ-ის მოქალაქე იყო და იარაღი კანონის დაცვით ჰქონდა შეძენილი.