კირ სტარმერი - მადლობა ნატო-სა და პოლონეთის ძალებს, რომლებმაც სწრაფად იმოქმედეს ალიანსის დასაცავად, გავაგრძელებთ პუტინზე ზეწოლას, ვიდრე არ იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ეხმაურება.
სტარმერი ინციდენტს „ღრმად შემაშფოთებელს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ პუტინი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობას უგულებელყოფს.
„ეს იყო რუსეთის მხრიდან უკიდურესად უგუნური ნაბიჯი და მხოლოდ გვახსენებს პრეზიდენტ პუტინის მიერ მშვიდობის აშკარა უგულებელყოფას და მუდმივ დაბომბვას, რომელსაც უდანაშაულო უკრაინელები ყოველდღიურად აწყდებიან“, – განაცხადა სტარმერმა.
სტარმერმა ასევე განაცხადა, რომ უკვე ესაუბრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს და პოლონეთის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა გამოხატა.
„მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ნატო-ს და პოლონეთის ძალებს, რომლებმაც სწრაფად იმოქმედეს ალიანსის დასაცავად. ჩვენ გავაგრძელებთ პუტინზე ზეწოლის გაძლიერებას, ვიდრე არ იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.