კირ სტარმერი - ლა-მანშის სრუტეში არსებული ვითარება ვეღარ გაგრძელდება, ვნერგავთ ახალ ტაქტიკას უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად
კირ სტარმერი - ლა-მანშის სრუტეში არსებული ვითარება ვეღარ გაგრძელდება, ვნერგავთ ახალ ტაქტიკას უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად

ლა-მანშის სრუტეში არსებული ვითარება ვეღარ გაგრძელდება, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა ახალ ტაქტიკას ნერგავს უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად და კრიმინალური დაჯგუფებების ბიზნესმოდელის დასანგრევად.

„ჩვენთვის საქმე ეხება იმ ცვლილებების განხორციელებას, რომელთა ნახვაც ბრიტანელ ხალხს სურს“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.

სტარმერმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, როგორც ევროპის ბირთვულმა ძალებმა, კოლექტიური თავდაცვა და უსაფრთხოება უნდა გააძლიერონ.

„ევროპის თავდაცვის ხარჯების დაახლოებით 40 პროცენტის უზრუნველყოფით, ჩვენ ვიზიარებთ უნიკალურ პასუხისმგებლობას ამ კონტინენტის უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.

თავის მხრივ, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანულ მაკრონმაც.

„საფრანგეთი დიდ ბრიტანეთში ჩასვლამდე ბოლო გაჩერებაა, თუმცა ქალები და მამაკაცები ხშირად სავალალო მარშრუტებს იყენებენ და ადამიანებით მოვაჭრეების ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ევროპაში პირველი შესვლის ქვეყნებთან და ყველა ეს გადასასვლელი დავშალოთ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.