კირ სტარმერი და მეტე ფრედერიქსენი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრებს ადამიანის უფლებების დაცვის ერთობლივი ნორმების გადახედვისკენ მოუწოდებენ
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრებს მოუწოდებენ ადამიანის უფლებების დაცვის ერთობლივი ნორმების გადახედვისკენ, რათა შესაძლებელი იყოს მკაცრი ზომების მიღება საზღვრების დასაცავად და მემარჯვენე პოპულისტური ძალების აღზევების წინააღმდეგ საბრძოლველად.
კერძოდ, პრემიერ-მინისტრი კირ სტარემერი გამოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოდერნიზების ინიციატივით, რათა თავიდან იქნეს აცილებული თავშესაფრის მაძიებლების მიერ კონვენციის გამოყენება დეპორტაციისთვის თავის ასარიდებლად.
ამ მოწოდებით კირ სტარმერი სტრასბურგში ევროპის საბჭოს სამიტის წინ გამოვიდა.
გამოცემა „გარდიანისთვის“ წერილში პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ კონვენციის გადახედვა აუცილებელია მასობრივი მიგრაციის შედეგად შექმნილ გამოწვევებსა და ულტრამემარჯვენე ძალებთან გასამკლავებლად.
„სიძულვილისა და გახლეჩის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო გზაა, აჩვენო, რომ მეინსტრიმულ, პროგრესულ პოლიტიკას შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება. მთელი ჩვენი პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ მოვუსმინოთ ლეგიტიმურ შეშფოთებას და ვიმოქმედოთ შესაბამისად. ეს არ არის ცარიელი პოპულიზმი, ეს დემოკრატიაა. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვაჩვენოთ, რომ ჩვენს საზოგადოებებს შეუძლიათ, იმოქმედონ თანადგომით და ამავე დროს დაიცვან კანონი, წესრიგი და სამართლიანობა“, – ნათქვამია კირ სტარმერისა და მეტე ფრედერიქსენის ერთობლივ სტატიაში.
ორი ლიდერი მოუწოდებს ევროპელ მოკავშირეებს, მიგრაციულ გამოწვევებთან გასამკლავებლად მოახდინონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოდერნიზება, რათა ის ასახავდეს 21-ე საუკუნის გამოწვევებს.
„ევროპა აქამდეც დამდგარა დიდი გამოცდების წინაშე და ჩვენ ისინი ერთად მოქმედებით გადავლახეთ. ახლა ჩვენ კვლავ ასე უნდა მოვიქცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალები, რომლებიც ჩვენი გაყოფისკენ მიისწრაფიან, უფრო გაძლიერდებიან. ამგვარად, ჩვენი გზავნილია: როგორც პასუხისმგებლიანი, პროგრესული მთავრობები, ჩვენ განვახორციელებთ ცვლილებებს, რომლებსაც ხალხი ითხოვს. ჩვენ გავაკონტროლებთ ჩვენს საზღვრებს, რათა დავიცვათ ჩვენი დემოკრატიები და გავხადოთ ჩვენი ქვეყნები მომავალ წლებში ძლიერები, როგორც არასდროს“, – ნათქვამია წერილში.