კირ სტარმერი - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის წინადადების იგნორირება აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინი არ არის სერიოზულად განწყობილი სამშვიდობო შეთანხმებისთვის
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რეაქცია დონალდ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაზე „დროის გაჭიანურებაა“.
აღნიშნული განცხადება სტარმერმა გააკეთა მოკავშირეებთან შეხვედრის წინ, რომლის მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერა იქნება.
„ჩვენ არ შეგვიძლია, ნება დავრთოთ პრეზიდენტ პუტინს, ითამაშოს პრეზიდენტ ტრამპის შეთანხმებით. კრემლის მიერ პრეზიდენტ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადების სრული იგნორირება მხოლოდ აჩვენებს, რომ პუტინი არ არის სერიოზულად განწყობილი სამშვიდობო შეთანხმებისთვის“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ თანხმობის შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი უნდა მოხდეს.
„თუ რუსეთი ბოლოსდაბოლოს დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ვაწარმოოთ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, რათა გარანტირებული იყოს, რომ ეს სერიოზული და მყარი მშვიდობაა. ეს თუ არ მოხდება, მაშინ ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ ძალა, რომ გავაძლიეროთ ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე, რათა დავასრულოთ ეს ომი. პუტინი ცდილობს დროის გაწელვას, აცხადებს რა, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე საჭიროა საკითხის საფუძვლიანი შესწავლა, მაგრამ მსოფლიოს სჭირდება ქმედებები და არა საკითხის შესწავლა ან ცარიელი სიტყვები და უაზრო პირობები.
ჩემი გზავნილი კრემლისადმი, არ შეიძლება, იყოს უფრო ნათელი: შეწყვიტეთ ბარბაროსული თავდასხმები უკრაინაზე ერთხელ და სამუდამოდ და დათანხმდით ცეცხლის შეწყვეტას ახლავე. მანამდე ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას დღედაღამ, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობა“, – განაცხადა კირ სტარმერმა.