გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ბრიტანული ბირთვული წყალქვეშა ნავის, HMS Vanguard-ის ბორტზე ავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
აღნიშნული წყალქვეშა ნავი ზღვაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ, 200-დღიან პატრულირებაში იმყოფებოდა.
მედიის ცნობით, ეს 2013 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სამეფო ფლოტის ოთხი ბირთვული წყალქვეშა ნავიდან ერთ-ერთს სტუმრობს პატრულირებიდან მისი დაბრუნების დღეს. ბოლოს ბირთვული წყალქვეშა ნავის ბორტზე 2013 წელს დევიდ ქემერონი იმყოფებოდა.
როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, სამეფო ფლოტს ზღვაში მუდმივად უნდა ჰყავდეს განთავსებული ერთი ბირთვული წყალქვეშა ნავი. მედიის ცნობით, ე.წ. ზღვაზე მუდმივი შეკავება გაერთიანებული სამეფოს თავდაცვითი სტრატეგიის ქვაკუთხედს წარმოადგენს.
თავდაცვის სამინისტრომ სტარმერის ბირთვულ წყალქვეშა ნავზე ყოფნის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. კადრებში, პრემიერ-მინისტრთან ერთად, თავდაცვის მდივანი ჯონ ჰილიც ჩანს.