კირ სტარმერი – ბრიტანეთის მთავრობა, თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიზნით, საგარეო დახმარებას შეამცირებს
ბრიტანეთის მთავრობა, თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიზნით, საგარეო დახმარებას შეამცირებს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სტარმერის განცხადებით, 2027 წელს საგარეო დახმარება მთლიანი შიდა პროდუქტის 0.5 პროცენტიდან 0.3 პროცენტამდე შემცირდება. ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, 2027 წლისთვის თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5 პროცენტამდე გაიზრდება. კირ სტარმერის თქმით, ხარჯების გაზრდა ნიშნავს, რომ 2027 წლიდან ქვეყანა თავდაცვაზე 13.4 მილიარდი ფუნტით მეტს დახარჯავს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შემდეგი პარლამენტისთვის თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტს მიაღწევს.
„ისტორია გვასწავლის, რომ ევროპაში არასტაბილურობა ყოველთვის ჩვენს სანაპიროსთან მოდის და პუტინის მსგავს ტირანებს ყოველთვის ძალით უნდა უპასუხო. რუსეთი არის საფრთხე ჩვენს წყლებში, ჩვენს საჰაერო სივრცეში და ჩვენს ქუჩებში. რუსეთმა განახორციელა კიბერთავდასხმები და ქიმიური იარაღით თავდასხმა სოლსბერიში. ჩვენ უკრაინის გვერდით უნდა დავდგეთ, რადგან თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ გრძელვადიან მშვიდობას, ეკონომიკური არასტაბილურობა და ჩვენი უსაფრთხოების მიმართ საფრთხეები მხოლოდ გაიზრდება”, – განაცხადა კირ სტარმერმა.