კირ სტარმერი აცხადებს, რომ მის სახლებში ხანძრების გაჩენა არის თავდასხმა დემოკრატიაზე და იმ ღირებულებებზე, რომლებსაც იცავენ
ეს არის თავდასხმა ყველა ჩვენგანზე, დემოკრატიაზე და იმ ღირებულებებზე, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა საკუთარ სახლებში გაჩენილი ხანძრების შესახებ საუბრისას განაცხადა.
ამასთან, აღნიშნული ქმედება დაგმო ბრიტანეთის პარლამენტის კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, კიმი ბადენოხმა და ეს „აბსოლუტურად მიუღებლად“ შეაფასა.
ცნობისთვის, „ბიბისის“ ინფორმაციით, ლონდონის პოლიციამ დააკავა 21 წლის მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან დაკავშირებულ სახლებთან ხანძრის გაჩენაში. როგორც მედია წერს, პირველი ინციდენტი გასულ კვირას მოხდა. მეხანძრეები ავტომობილის ხანძართან დაკავშირებით გამოიძახეს, რომელიც იმავე ქუჩაზე იდგა, რომელზეც კირ სტარმერის სახლი მდებარეობს.
კვირის ბოლოს საგანგებო სამსახურები ისლინგტონში გამოიძახეს, სადაც ცეცხლი სტარმერთან დაკავშირებული შენობის შესასვლელთან გაჩნდა. მესამე ხანძარი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირად სახლში გაჩნდა, რომელიც ლონდონში მდებარეობს. სახანძრო სამსახურმა ცეცხლი 20 წუთში ჩააქრო. პოლიციის ინფორმაციით, არცერთ შემთხვევაში არავინ დაშავებულა, გამომძიებლები ყველა ხანძარს საეჭვოდ მიიჩნევენ და ამოწმებენ, არსებობს თუ არა კავშირი მათ შორის.