კირ სტარმერი - 28-პუნქტიანი გეგმის თავდაპირველი პროექტი მოიცავდა მიუღებელ პუნქტებს, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვან ელემენტსაც, რომლებიც აუცილებელი იქნება სამართლიანი, მდგრადი მშვიდობისთვის
განახლებული „სამშვიდობო გეგმის“ დახვეწის მიზნით მუშაობა გრძელდება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ჟენევაში გამართულმა დისკუსიებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა აშშ-სა და უკრაინას შორის განახლებული სამშვიდობო ჩარჩოს თაობაზე პროგრესის თვალსაზრისით.
„28-პუნქტიანი გეგმის თავდაპირველი პროექტი მოიცავდა მიუღებელ პუნქტებს, თუმცა, ასევე, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ელემენტსაც, რომლებიც აუცილებელი იქნება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის. მაგალითად, ის განსაზღვრავს ნაბიჯებს აშშ-ისა და პარტნიორების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჟენევაში გამართულმა დისკუსიებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა აშშ-სა და უკრაინას შორის განახლებული სამშვიდობო ჩარჩოს თაობაზე პროგრესის თვალსაზრისით. შემიძლია, თემთა პალატა დავარწმუნო, რომ ამ გეგმის დასახვეწად მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა კირ სტარმერმა და აღნიშნა, რომ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად საჭიროა უკრაინის სუვერენიტეტის შენარჩუნება, ხოლო რაც შეეხება ევროპასა და ნატო-სთან დაკავშირებულ საკითხებს, ის სწორედ ევროპისა და ნატო-ს წევრების თანხმობას მოითხოვს.