„კიოლნში“ კორონავირუსის სამი შემთხვევა გამოვლინდა - ბუნდესლიგის განახლება შეიძლება გადაიდოს
პირველი ბუნდესლიგის ბინადარმა „კიოლნმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ კლუბში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირების სამი შემთხვევა.
გუნდის სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა ტესტირება გაიარეს. სამი ადამიანი, რომელთა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, ორი კვირით საშინაო კარანტინში მოათავსეს. აღნიშნავენ, რომ მათ კორონავირუსის სიმპტომები არ გააჩნიათ.
რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ გერმანიის ჩემპიონატის 9 მაისს განახლების გეგმა, შესაძლოა, ჩაიშალოს ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის გამო, რაც კარანტინის ზომების შემსუბუქებას უკავშირდება. არ არის გამორიცხული, რომ გერმანიაში ისევ გააძლიერონ საკარანტინო ზომები და კვლავ გადაიწიოს ბუნდესლიგის განახლების თარიღი.
25 ტურის შემდეგ, „კიოლნი“ გერმანიის ჩემპიონატში მეათე ადგილზეა.