კინოთეატრ „ამირანში“ ანიმაციური ფილმის, „ტყე ჩემი მეგობარია“ ჩვენება გაიმართა

კინოთეატრ „ამირანში“ ანიმაციური ფილმის, „ტყე ჩემი მეგობარია“ ჩვენება გაიმართა. სამწუთიანი ანიმაცია კლასიკური იაპონური მანგას სტილშია გადაწყვეტილი. მასში მოთხრობილია ამბავი საკუთარი თავის ძიებაზე, ბრძოლასა და მეგობრობაზე. ანიმაციური ფილმის სიუჟეტი გაერო-ს განვითარების პროგრამის, იაპონიის საელჩოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელშეწყობით შეიქმნა. ფილმის ჩვენება სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდობისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.

კინოჩვენებას ესწრებოდნენ საქართველოში იაპონიის ელჩი იმამურა აკირამი, UNDP-ის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ნიკ ბერესფორდი, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭაჭიაშვილი.

როგორც საქართველოს პირველი არხის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხშირია საუბრები გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, გამოწვევებსა და შედეგებზე.

„ყოველთვის ვართ მსგავსი ღონისძიებების პარტნიორები. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი საშუალება, ცნობიერება გავზარდოთ და ვუთხრათ ადამიანებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი საარსებო სამყაროს მხარდაჭერა, მასთან ერთად თანაცხოვრება“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

როგორც საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ განაცხადა, იაპონიაში მანგა ყველა ასაკის ადამიანს უყვარს.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი კულტურის ეს უნიკალური ნაწილი საქართველოს ტყეების დაცვის, ემისიების შემცირებისა და კლიმატის ცვლილების შერბილების საქმეს წაადგება“, – განაცხადა იმამურა აკირამ.

ანიმაცია „ტყე ჩემი მეგობარია“ გადაიღო ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „დემოკრატიის ლაბორატორია“ (დემლაბი), გაერო-ს განვითარების პროგრამის დაკვეთით.