კინოთეატრ „რუსთაველის" წინ დღეს რეზო ესაძის ვარსკვლავი გაიხსნება
კინოთეატრ „რუსთაველის" წინ დღეს რეზო ესაძის ვარსკვლავი გაიხსნება

კინოთეატრ „რუსთაველის” წინ დღეს რეზო ესაძის ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და კერძო კომპანიები.

ვარსკვლავის გახსნა რეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის 85 წლის იუბილეს ეძღვნება.
დღესვე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში რეზო ესაძის ნახატების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე რეზო ესაძე ღირსების ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელია, ასევე საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრია.

გადაღებული აქვს 11 ფილმი: ,,ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“; „ნეილონის ნაძვის ხე” (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე; გრან–პრი აველინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე); „საქორწილო საჩუქარი”; „წისქვილი ქალაქის გარეუბანში”; „ერთი ნახვით შეყვარება” (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე); „წკიპურტები”; „ყოველ შაბათს” (ბუდაპეშტის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაასახელეს საუკეთესო უცხოურ ფილმად); „წამმზომი”; „ოთხი ფურცელი”; „ფრო”; „ერთხელ”.

შესრულებული აქვს მთავარი და ეპიზოდური როლები სხვადასხვა ავტორის ფილმებში.

რეზო ესაძის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს მასპინძლობდა თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ–ავივი… მისი ნამუშევრები ინახება პირად და სამუზეუმო კოლექციებში. 1975 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2001 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული.

იუბილესთან დაკავშირებით, პირველი არხის ეთერში, 18 თებერვალს, მისი ბოლო ფილმის, „თვე, როგორც ერთი დღე“ ტელეპრემიერა გაიმართა. ფილმი რეჟისორმა 2016 წელს, 82 წლის ასაკში გადაიღო.