კინოთეატრ „ამირანში“ აცხადებენ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებელთა უსაფრთხოება დაცული იქნება
კინოთეატრ „ამირანში“ აცხადებენ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებელთა უსაფრთხოება დაცული იქნება

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა როგორც დაგეგმილია, პარასკევს შედგება, – ამის შესახებ კინოთეატრ „ამირანის“ მარკეტინგის დირექტორმა, გვანცა გარმელიამ განაცხადა.

როგორც კინოთეატრის წარმომადგენელმა აღნიშნა, მაყურებლის ინტერესი უპირველესია, შესაბამისად, გაძლიერებული იქნება უსაფრთხოების ზომები.

„ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა როგორც დაგეგმილია, პარასკევს შედგება. ჩვენ ვიღებთ ყველა მაქსიმალურ ზომას, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მაყურებლების უსაფრთხოება. მათი ინტერესები არის ჩვენთვის უპირველესი, შესაბამისად, ვაძლიერებთ უსაფრთხოების ზომებს. აუცილებლად ვითანამშრომლებთ შსს-სთან, მათი და ჩვენი ძალებით უზრუნველვყოფთ, რომ ყველაფერმა ჩაიაროს მშვიდობიანად. ფილმის პირველ ჩვენებას არ დაესწრებიან ფილმის შემქმნელები, რადგან ისინი ჩართულები არიან „ოსკარის“ კამპანიაში და ფიზიკურად არ იქნებიან საქართველოში“, – განაცხადა კინოთეატრ „ამირანის“ მარკეტინგის დირექტორმა, გვანცა გარმელიამ.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით შსს-მ დღეს განცხადებაც გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულებისა და სხვა ნიშნისა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქოც. საქართველოს საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ.  „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ  ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.