კინოცენტრის ინფორმაციით, „ევრაზიადოკ 2018“-ის ფარგლებში, ქართველი მონაწილეების პროექტებით ევროპელი პროდიუსერები და ტელევიზიები დაინტერესდნენ
კინოცენტრის ინფორმაციით, „ევრაზიადოკ 2018“-ის ფარგლებში, ქართველი მონაწილეების პროექტებით ევროპელი პროდიუსერები და ტელევიზიები დაინტერესდნენ

„ევრაზიადოკ 2018“-ის ინდუსტრიული შეხვედრების შედეგები ცნობილია. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, სომხეთში გამართულ დოკუმენტური პროექტების პრეზენტაციებზე ქართველმა მონაწილეებმა მოწვეული ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიების დაინტერესება შეძლეს.

სომხეთში წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული პროექტები:

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი – CINEMANIA
ნონა გიუნაშვილი – AZNASH LAAMAN
ლუკა ბერაძე – „ღიმილიანი საქართველო“

რეჟისორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ ევროპელ პროდიუსერებს, ტელევიზიების წარმომადგენლებს და მათთვის საკუთარი პროექტები გაეცნოთ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის თანამშრომლობა დაიწყო და შეხვედრები ქართველი რეჟისორებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა“, – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში.

რეჟისორებთან ერთად, ერევანში იმყოფებოდნენ ქართველი პროდიუსერები და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი მანანა სურაძე.

ევრაზიადოკის მიზანია, ხელი შეუწყოს დოკუმენტალისტებს იდეის განვითარებაში, სცენარის წერასა და შემდგომ განვითარებული პროექტების ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიებისთვის წარდგენაში. ევრაზიადოკი აერთიანებს ქართველ, რუს, სომეხ, თურქ და შუა აზიელ დოკუმენტალისტებს.

ევრაზიადოკის პროგრამა საქართველოში ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.