კინოცენტრი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარებას აპროტესტებს
კინოცენტრი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარებას აპროტესტებს

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში სოხუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ე.წ. საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარება წარმოადგენს მცდელობას, მოხდეს საქართველოს განუყოფელი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენა და საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია,- ამის შესახებ კინოცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კინოცენტრის ინფორმაციით, დღეს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში სოხუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ე.წ. საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება.

„როგორც ფესტივალის ვებგვერდზეა მითითებული, კინოფესტივალს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა მასპინძლობს, ღონისძიებაზე კი რამდენიმე ფილმი ევროპის ქვეყნებიდანაც იქნება ნაჩვენები.

ამ კონტექსტში, აუცილებელია, ხაზი გაესვას კულტურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების დაუშვებლობას. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ გარემოებებზე: აფხაზეთის რეგიონი უკანონოდაა ოკუპირებული (რუსეთის ფედერაციის მიერ), საიდანაც გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი. ასეთ პირობებში მსგავსი ღონისძიების ჩატარება წარმოადგენს მცდელობას, მოხდეს საქართველოს განუყოფელი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენა და საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია“,- აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი თხოვნით მიმართავს კოლეგებს, კინემატოგრაფისტებს მთელი მსოფლიოდან, რომ „შეცდომაში არ შეიყვანოს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის „რბილმა ძალამ” და არ დაარღვიონ საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი“.

„ეროვნული კინოცენტრი წლებია, წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის კინოცენტრებთან, კინოფონდებთან, კინოინსტიტუტებთან თუ პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალებთან. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ჩვენს უცხოელ კოლეგებს შევატყობინოთ აღნიშნული ინფორმაცია, რათა არ შევიდნენ შეცდომაში და არ დაარღვიონ საერთაშორისო სამართლის ისეთი ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუვალობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა“,- აღნიშნულია განცხადებაში.