კინგსლი კომანმა „ბაიერნთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა #1TVSPORT
კინგსლი კომანმა „ბაიერნთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ნახევარმცველ კინგსლი კომანს მიუნხენურ გრანდში დარჩენა აღარ სურს, – იუწყება Kicker.

გამოცემის ინფორმაციით, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ კომანს კონტრაქტის 2026 წლამდე გახანგრძლივება შესთავაზა, რაზეც მიუნხენელთა ფრანგმა ლეგიონერმა უარი თქვა. 

კინგსლი კომანის მიმდინარე კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2023 წელს იწურება და როგორც პრესაში იწერება, გამოცდილი ნახევარმცველის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს.

2020/21 წლების სეზონზე კინგსლი კომანმა ბუნდესლიგაში 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი ბურთი და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.

კომანი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა – იყო საფრანგეთის ჩემპიონი, საფრანგეთის თასისა და სუპერთასის მფლობელი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში, „იუვენტუსის“ რიგებში სკუდეტოს, იტალიის თასსა და სუპერთასს დაეუფლა, „ბაიერნთან“ ერთად კი ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, გერმანიის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.