კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი კონკურსს – „საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობა“ აცხადებს
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი კონკურსს – „საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობა“ აცხადებს.
მათივე ცნობით, პროექტების წარდგენის ვადაა 1-14 სექტემბერი.
„პროექტი უნდა მოიცავდეს საქართველოს რეგიონებში არანაკლებ რვა კინოჩვენებას, სადაც წარმოდგენილი იქნება ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ფილმები. თითოეული კინოჩვენების შემდეგ უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემოქმედებითი ჯგუფის წევრთან შეხვედრა ან ფილმის განხილვასა და დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
საკონკურსო კომისია დაკომპლექტებულია ხუთი წევრისგან. პროექტის შერჩევის კრიტერიუმები ითვალისწინებს პროექტის ავტორების გამოცდილებას, პროექტის მდგრადობას, ინოვაციურობას და მიზანთან შესაბამისობას.
კონკურსის საერთო ბიუჯეტია 50 ათასი ლარი. გამოყოფილი დაფინანსება იურიდიული პირების შემთხვევაში არ აღემატება 17 ათას ლარს, ფიზიკური პირებისთვის კი – 8 ათას ლარს.
კონკურსზე „საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობა“ განაცხადები მიიღება ელექტრონულად, სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ელ. ფოსტაზე [email protected]. საკონკურსო პირობები და განაცხადების ფორმები პირველი სექტემბრიდან განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე www.gnfc.ge.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში კონკურსანტს შეუძლია, მიმართოს სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კინოხელოვნების პოპულარიზაციის სამსახურის უფროსს, მანანა სურაძეს ელ.ფოსტაზე [email protected]“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.