კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპს შეხვედრა შესთავაზა, რასაც აშშ-ის პრეზიდენტმა თანხმობით უპასუხა
კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპს შეხვედრა შესთავაზა, რასაც აშშ-ის პრეზიდენტმა თანხმობით უპასუხა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპს შეხვედრა შესთავაზა. აშშ-ის პრეზიდენტმა ამ უპრეცედენტო ინიციატივისადმი მზაობა გამოთქვა.

შოკისმომგვრელი განცხადება სამხრეთ კორეელმა მაღალჩინოსანმა ვაშინგტონში გააკეთა. მან ჩრდილოეთ კორეის ლიდერის წერილი გააჟღერა. ამავე წერილის მიხედვით, კიმ ჩენ ინი თანახმაა, შეაჩეროს ბირთვული პროგრამები და ბალისტიკური რაკეტების გამოცდები, თუ აშშ-სთან მოლაპარაკებები შედგება.

ეს რამდენიმეთვიანი ორმხრივი მუქარებისა და დაძაბულობის შემდეგ მოვლენათა მნიშვნელოვანი შემობრუნებაა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მოვლენათა ამგვარი განვითარება დიდი პროგრესია, თუმცა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები მტკიცე შეთანხმების მიღწევამდე ძალაში დარჩება.

ჩრდილოეთ კორეას მიმდინარე კვირის მოვლენებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

სამხრეთ კორეული დელეგაციის განცხადების მიხედვით, კიმ ჩენ ინის ინიციატივაზე პასუხად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილო კორეელ ლიდერს მაისში შეხვდება.