კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილო კორეა სარაკეტო და ბირთვულ ცდებს აჩერებს
კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილო კორეა სარაკეტო და ბირთვულ ცდებს აჩერებს

ჩრდილო კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის განცხადებით, 21 აპრილიდან ნებისმიერი სახის სარაკეტო და ბირთვულ ცდებს შეაჩერებენ, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, როგორც BBC წერს, ფხენიანი აცხადებს, რომ დახურავს ბირთვული ცდების ჩატარების ადგილსაც, რათა დაამტკიცოს, რომ პირობას ასრულებს და სარაკეტო და ბირთვულ ცდებს შეაჩერებს.

„21 აპრილიდან, ჩრდილო კორეა შეაჩერებს ბირთვულ ცდებსა და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გაშვებას“, – აღნიშნულია ჩრდილო კორეისი ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციაში.

როგორც BBC წერს, ფხენიანმა მსგავსი გადაწყვეტილება მმართველი „მუშათა პარტიის“ ყრილობის შემდეგ მიიღო, რომელსაც ცენტრალური კომიტეტი სრული შემადგენლობით ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ ფხენიანის გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, ჩრდილო და სამხრეთ კორეის ლიდერებმა ტელეფონით ისაუბრეს. ისინი ერთმანეთს მომდევნო კვირას სამიტზე შეხვდებიან.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება. შეხვედრის ადგილი ამ დრომდე უცნობია. ერთ-ერთ ლოკაციად შვედეთი განიხილება, რადგან ერთი თვის წინ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოფენმა თეთრ სახლში ვიზიტისას ტრამპს ისტორიული აუდიენციის გასამართად საკუთარი ქვეყნის ტერიტორია შესთავაზა. ვაშინგტონში საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ.

ჩრდილო კორეას ბირთვული პროგრამის გამო საერთაშორისო სანქციები დაეკისრა.

როგორც გასული წლის ნოემბერში ოფიციალურმა ფხენიანმა განაცხადა, მათ წარმატებით გამოსცადეს ახალი ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც შეუძლია, ამერიკის კონტინენტამდე მიაღწიოს.

დატოვე კომენტარი