კიევში, უკრაინის შს სამინისტროსთან ხუთი წლის ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელების დასჯა მოითხოვეს
კიევში, უკრაინის შს სამინისტროსთან ხუთი წლის ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელების დასჯა მოითხოვეს

კიევში, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები ხუთი წლის ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელების დასჯას ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

აქციის მონაწილეებმა ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის გადადგომა მოითხოვეს. მათ უწყების შენობასთან კვამლის ყუმბარები ისროლეს.

ხუთი წლის ბავშვი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, კიევის საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.

როგორც სააგენტო „უნიანი“ წერს, ინციდენტი 31 მაისს პერეიასლავ-ხმელნიცკში მოხდა. სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ორი სამართალდამცავი ლითონის ქილებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდა, რა დროსაც ტყვია ახლომდებარე საბავშვო მოედანზე მყოფ ბიჭუნას მოხვდა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა დამნაშავე პოლიციელების მკაცრი დასჯა მოითხოვა.

„ბიჭის გარდაცვალებაში დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ. არანაირი გამართლება აქ ვერ იქნება. გულწრფელი სამძიმარი მშობლებს…“, – ნათქვამია უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

დამნაშავეების დასჯის პირობა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმაც დადო.

„სამწუხაროდ, მედიკოსთა ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა. ხუთი წლის კირილი გარდაიცვალა საავადმყოფოში. რა თქმა უნდა, მსოფლიოში ვერაფერი ანუგეშებს ნათესავებსა და ახლობლებს. თუმცა მე, როგორც პრეზიდენტი და როგორც მამა, მსურს დავარწმუნო, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დამნაშავეები სამართლიანად დაისაჯონ. არანაირი დათმობები. ამ საქმის მიჩქმალვის არანაირი მცდელობა. ეს ტრაგედია უნდა გახდეს გაკვეთილი“, – დაწერა ზელენსკიმ „ფეისბუქში“.

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სამართალდამცველებისთვის წარდგენილი ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდა და მათ განზრახ მკვლელობაში ედებათ ბრალი.