კიევში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა 
კიევში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა 

უკრაინის დედაქალაქ კიევში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად, უეცრად მოვარდნილმა წყალმა სოლომენსკის სასამართლოს შენობა დატბორა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე ჩამოვარდა რამდენიმე ბილბორდი და დაზიანდა ხეები. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ისინი წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ატარებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად ასევე დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და მიწისქვეშა გადასასვლელები. წყალმა მეტროს შესასვლელებიც დაბლოკა. სტიქიამ თელიგას ქუჩასთან არსებული ხიდი დააზიანა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.