კიევში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
უკრაინის დედაქალაქში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევის ცენტრში თავდაცვის სექტორში რეფორმების, ხელისუფლებასთან დიალოგისა და ცვლილებების მოთხოვნით მრავალათასიანი მსვლელობა გაიმართა.
ათასობით ადამიანი ტარას შევჩენკოს პარკში შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა დაღუპულ უკრაინელ სამხედროებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.
ვეტერანმა დმიტრი კოზიატინსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსვლელობის მიზანია „კომუნიკაცია, დიალოგი, რეფორმები და ის, რომ უკრაინა კრიზისიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდეს“.
ამის შემდეგ დემონსტრანტები ივან ფრანკოს თეატრისკენ გაემართნენ. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ფედოროვი!“ „ხელისუფლება ხალხია“, „ჩვენთვის სულერთი არ არის“, „გააფუჭეთ – გამოასწორეთ“, „ევროპისკენ, საბჭოთა წარსულისგან შორს“ და სხვა ლოზუნგებს.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ დიდი ბანერი წარწერით „ფედოროვი – თავდაცვის მინისტრად“, რომლითაც მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას მოითხოვდნენ.
ცნობისთვის, 28 ივლისს ვეტერანმა დმიტრი კოზიატინსკიმ, რომელიც მანამდე მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგ გამართულ აქციებს ხელმძღვანელობდა, 31 ივლისის საღამოს კიევში საპროტესტო მსვლელობა დააანონსა.
შეგახსენებთ, რომ 16 ივლისიდან კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში დაიწყო საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნებას და უკრაინის შეიარაღებული ძალების მაშინდელი მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის გადადგომას მოითხოვდნენ.
21 ივლისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად მიხაილო დრაპატი ინიშნებოდა.
მოგვიანებით დმიტრი კოზიატინსკიმ უკრაინელებს ფედოროვის თავდაცვის სამინისტროში დაბრუნების მოთხოვნით უვადო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
მანამდე ზელენსკიმ აღიარა, რომ მიხაილო ფედოროვმა და ალექსანდრ სირსკიმ თანამშრომლობა ვერ შეძლეს.