კიევში პრეზიდენტის ოფისთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
კიევში პრეზიდენტის ოფისთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვლადიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილმა მომიტინგეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.
„როიტერის“ ცნობით, პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. დემონსტრანტები კი, პოლიციას ჯოხებით და ქვებით დაუპირისპირდნენ.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეტაკების დროს დაშავდა რვა პოლიციელი. მათ უმეტესობას თვალები აქვს დამწვარი, რადგან დემონსტრანტები ასევე იყენებდნენ ცრემლსადენ გაზს. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. სამინისტროს განმარტებით, მომიტინგეებთან შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ჩხრეკის დროს პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს.
აქციის ორგანიზატორები იყვენენ ნაციონალისტური პარტია „ნაციონალური კორპუსის“ წარმომადგენლები. დემონსტრანტები ხელისუფლებას „მტრის წინაშე კაპიტულაციაში“ სდებენ ბრალს. ისინი პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი რეგიონებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ გამოდიან.