კიევში მამაკაცი ხიდის აფეთქებით იმუქრება
კიევში მამაკაცი ხიდის აფეთქებით იმუქრება

კიევში ჯერჯერობით დაუდგენელი ვინაობის მამაკაცი მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრება. უკრაინული მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, კინოლოგები, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები და გამნაღმველები იმყოფებიან.

როგორც კიევის პოლიციის უფროსმა, ანდრეი კრიშენკომ განაცხადა, უცნობი მამაკაცი შეიარაღებულია.

„უცნობი ისვრის და აფეთქებით იმუქრება. ჩვენ სპეციალურ ოპერაციას ვატარებთ. ამჟამად აქ იმყოფებიან ყველა სამსახურის წარმომადგენლები. ავტომობილებისა და მატარებლების გადაადგილება ხიდზე შეჩერებულია“, – განაცხადა კრიშენკომ.

ხიდთან მობილიზებულია რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი.

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, მამაკაცს ლურჯი ბერეტი ახურავს და სამხედრო ფორმა აცვია. მას ასევე უკრაინის დროშა აქვს შემოხვეული.

პოლიციამ მომხდარს ტერაქტისთვის მზადების კვალიფიკაცია მიანიჭა.