კიევში აცხადებენ, რომ რუსეთმა დღეს უკრაინის მიმართულებით 100 რაკეტა გაუშვა, ქვეყანაში ენერგომომარაგების კუთხით კრიტიკული სიტუაციაა შექმნილი
კიევში აცხადებენ, რომ რუსეთმა დღეს უკრაინის მიმართულებით 100 რაკეტა გაუშვა, ქვეყანაში ენერგომომარაგების კუთხით კრიტიკული სიტუაციაა შექმნილი

უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთმა დღეს უკრაინის მიმართულებით 100 რაკეტა გაუშვა, სარაკეტო დარტყმების ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო, ქვეყანაში ენერგომომარაგების კუთხით კრიტიკული ვითარებაა შექმნილი.

თითქმის ყველა ოლქში ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებებია. ქალაქ ლვოვის ნახევარს დენი არ მიეწოდა. ივანო-ფრანკოვსკში პრობლემებია წყალმომარაგებაშიც, ოდესა ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

რუსეთმა, დღეს კიევის გარდა, სარაკეტო დარტყმა განახორციელა ჟიტომირის ოლქზე, ლვოვზე, როვნოზე, ვინიცის ოლქზე, ჩერკასკში, კრივოი როგზე, ოდესის, ვოლინისა და  ხმელნიცკის ოლქებზე, ასევე ივანო-ფრანკოვსკზე, პოლტავის ოლქზე და ქალაქ ხარკოვზე, შეტევა ასევე განხორციელდა სუმის ოლქზე, ტერნოპოლზე, კრივოგრადის და ჩერნიგოვის ოლქებზე.

„რუსმა ტერორისტებმა ისვე მიიტანეს დაგეგმილი დარტყმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. სიტუაცია კრიტიკულია. ყველაზე მეტი რაკეტა ჩამოვარდა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქში სიტუაცია ძალიან მძიმეა, შემოვიღეთ სპეციალური გრაფიკი ავარიული გათიშვებისთვის, „უკრენერგო“ იძულებულია დაიწყოს, დენის საგანგებო გათიშვა, რათა ენერგოსისტემის დაბალანსება მოხდეს და თავიდან იყოს აცილებული აღჭურვილობის ავარიული გათიშვა“, – წერს ტიმოშენკო ტელეგრამ არხზე.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო დარტყმის საფრთხე შენარჩუნებულია.