კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, ზელენსკის უკრაინელთა 61% ენდობა, 32% კი არ ენდობა
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, ზელენსკის უკრაინელთა 61% ენდობა, 32% კი არ ენდობა

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის ბოლო გამოკითხვის შედეგების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელთა 61% ენდობა, არ ენდობა – 32%.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ნოემბრის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვა ნდობისა და უნდობლობის თითქმის ანალოგიურ მაჩვენებელს აჩვენებდა.

ამავე გამოკითხვით, უკრაინელების სამი მეოთხედი ეწინააღმდეგება ისეთ „სამშვიდობო გეგმას“, რომელიც დონბასიდან ძალების გაყვანას, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შემცირებას ითვალისწინებს და არ მოიცავს უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებს.

რუსეთის სამშვიდობო გეგმა კატეგორიულად მიუღებელია გამოკითხულთა 75%-სთვის, მხოლოდ 17% მზად არის, დათანხმდეს სამშვიდობო გეგმის რუსულ ვერსიას.

ამასთან, სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ რესპონდენტთა 72% მზად არის, მხარი დაუჭიროს ევროპისა და უკრაინის სამშვიდობო გეგმას, თუმცა, ძირითადად, ენთუზიაზმის გარეშე. გამოკითხულთა 14% კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ გეგმას.

გარდა ამისა, გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების 50%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში არჩევნები მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმებისა და ომის დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს, მხოლოდ 9% ემხრობა არჩევნების ახლავე ჩატარებას. იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტისა და უსაფრთხოების გარანტიები მიღწეული იქნება, 25% მხარს უჭერს არჩევნების ჩატარებას.

გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელთა 63% მზადაა, გაუძლოს ომს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ამასთან, უკრაინელების მხოლოდ 9% ელოდება, რომ ომი დასრულდება 2026 წლის დასაწყისამდე, 14% კი მიიჩნევს, რომ ომი შეიძლება, დასრულდეს 2026 წლის პირველ ნახევარში. უკრაინელთა 32% მიიჩნევს, რომ 2027 წელს და მოგვიანებით დასრულდება.

როგორც აღინიშნა, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვა 26 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა სატელეფონო ინტერვიუს გზით, რა დროსაც გამოიკითხა უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები 547 რესპონდენტი. ფორმალურად სტატისტიკური ცდომილება, 5,6%-ს არ უნდა აჭარბებდეს, თუმცა სოციოლოგები ამბობენ, რომ ომის პერიოდში, შესაძლოა, ცდომილება გარკვეულწილად უფრო მაღალი იყოს.