კიევის სასამართლომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ დეპუტატს, ვიქტორ მედვედჩუკს შინაპატიმრობა შეუფარდა
კიევის სასამართლომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ დეპუტატს, ვიქტორ მედვედჩუკს შინაპატიმრობა შეუფარდა

კიევის რაიონულმა სასამართლომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ დეპუტატს, პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ ლიდერ ვიქტორ მედვედჩუკს აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვიქტორ მედვედჩუკს სახელმწიფო ღალატში და ყირიმში ეროვნული სიმდიდრის მიტაცებაში ედება ბრალი. ანალოგიური ბრალდება აქვს წაყენებული მედვედჩუკის თანაგუნდელს, დეპუტატ ტარას კოზაკს.

გამოძიების ცნობით, ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთთან შეთქმულებაში შევიდა შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვების მიზნით. პროკურატურის მტკიცებულებით, ვიქტორ მედვედჩუკის საქმიანობით სახელმწიფოს სამი მილიარდი გრივნის ოდენობის ზარალი მიადგა. ასევე, ის ეჭვმიტანილია კოზაკის შუამავლობით რუსეთისთვის უკრაინის სამხედრო დანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში.

სასამართლო შენობიდან გამოსულ მედევედჩუკს გარეთ საპროტესტო აქციით დახვდნენ.

უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი აცხადებდა, რომ ვლადიმერ პუტინთან მას ათობით წლის ურთიერთობა აკავშირებს. არსებული ცნობებით, რუსეთის პრეზიდენტი მედვედჩუკის ქალიშვილის ნათლიაა.

შეგახსენებთ, თებერვალში უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ვიქტორ მედვედჩუკსა და მასთან დაკავშირებულ რამდენიმე პირს სანქციები დაუწესა, მედვედჩუკის მოკავშირის საკუთრებაში არსებულ სამ ტელეკომპანიას კი მაუწყებლობა აუკრძალა.