კიევის პატრიარქ ფილარეტზე თავდასხმის მცდელობისთვის უშტატო ეპისკოპოსი დააკავეს
კიევის პატრიარქ ფილარეტზე თავდასხმის მცდელობისთვის უშტატო ეპისკოპოსი დააკავეს

კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქზე, უწმინდეს ფილარეტზე თავდასხმა სცადეს, – ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს 27 ივლისის სინოდის სხდომის ოქმზე დაყრდნობით იუწყება. საპატრიარქოს ცნობით, 25 მაისს კიევის პატრიარქზე თავდასხმა უშტატო ეპისკოპოსმა სევასტიან ვოზნიაკმა სცადა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სევასტიან ვოზნიაკი საღამოს ვაჟიშვილთან ერთად პატრიარქის რეზიდენციაში საერო ტანსაცმელში გამოწყობილი მივიდა. პატრიარქი ამ დროს ვახშმობდა. სევასტიან ვოზნიაკმა პატრიარქის მსახურ ქალს, რომელიც ფეხის ხმაზე გავიდა და ისინი დერეფანში დაინახა, გაურკვეველი აირი მიასხურეს და ტერიტორია დატოვეს.

სევასტიან ვოზნიაკი დააკავეს და 20 ივლისს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზნით სასამართლოს წინაშეც წარდგა.

სინოდი ასკვნის, რომ თუკი სევასტიან ვოზნიაკი აირს პატრიარქ ფილარეტს მიასხურებდა, ასაკიდან გამომდინარე, შესაძლოა, მძიმე მდგომარეობაში ჩაეგდო და სიკვდილის პირას მიეყვანა.

სევასტიან ვოზნიაკი ეპისკოპოსობიდან მისივე თხოვნის საფუძველზე 2008 წელს გათავისუფლდა.