კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში – ლოჩოშვილმა „კიოლნთან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

22:45, 02.07.2026

ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ბუნდესლიგის გუნდის მოთამაშე გახდა – საქართველოს ნაკრებისა და „ნიურნბერგის“ ყოფილი წევრის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

საფეხბურთო პორტალის ცნობით, 28 წლის მცველმა გერმანიის მთავარი საფეხბურთო ლიგის კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ლოჩოშვილმა კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, უთამაშია კიევის „დინამოს“ დუბლშემადგენლობაში, საიდანაც იჯარით სლოვაკურ „ჟილინაში“ გადავიდა. მერე დაბრუნდა „დინამო თბილისში“. ათი მატჩის შემდეგ, 2020 წლის აგვისტოში დატოვა გუნდი და შეუერთდა ავსტრიულ „ვოლფსბერგერს“, სადაც მეტოქის სიცოცხლის გადარჩენისთვის ფიფა-სგან მიიღო სამართლიანი თამაშის ჯილდო.

2022 წლის აგვისტოში ლოჩოშვილი იტალიაში შეუერთდა „კრემონეზეს“. ერთი სეზონი იჯარით „სალერნიტანაში“ გაატარა, 2025 წელს კი მეორე ბუნდესლიგის „ნიურნბერგში“ გადავიდა.

ლოჩოშვილს უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ (17, 19, 21-წლამდელთა) ნაკრებებში. 2021 წლის სექტემბერში ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. იყო ევრო 2024-ის მონაწილე.

მსგავსი