კიდევ ერთი ჰაკერული თავდასხმა ლატვიაში: პერსონალურმა მონაცემებმა კიდევ ერთხელ გაჟონა

12:37, 04.09.2026
დაზიანებული უწყების ვებ-გვერდი ასე გამოიყურება

დაზიანებული უწყების ვებ-გვერდი ასე გამოიყურება

3 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ლატვიაში ჰაკერებმა ოფიციალურ მონაცემთა კიდევ ერთი ბაზა გატეხეს.

ლატვიის სახელმწიფო ტყეების (LVM) და საგზაო ტრანსპორტის უსაფრთხოების დირექტორატის (CSDD) წინააღმდეგ განხორციელებული წარმატებული კიბერშეტევების შემდეგ, თავდასხმის სამიზნედ ამჯერად მომხმარებელთა უფლებების დაცვის ცენტრი (PTAC) იქცა.

„PTAC-ი იუწყება, რომ ცოტა ხნის წინ მის კონტროლქვეშ მყოფ ერთ-ერთ საინფორმაციო სისტემაში მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა გამოვლინდა. კერძოდ, დაზარალდა „სტატისტიკური მონაცემების დისტანციურად მოპოვების სისტემა“ (ASDIS). ეს უკანასკნელი არის უსაფრთხოების C კლასის სისტემა, რაც საინფორმაციო სისტემის რისკის ყველაზე დაბალ დონეს წარმოადგენს. ამ სისტემას უწყება ლიცენზირებული მოვაჭრეების ზედამხედველობისთვის იყენებს და ის ქვეყანაში დადგენილ კიბერუსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს“, – აღნიშნულია ლატვიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ცენტრის განცხადებაში.

ჰაკერული თავდასხმა, სავარაუდოდ, ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე, 1 სექტემბერს მოხდა.

„მიმდინარე გამოძიების თანახმად, კიბერთავდასხმის შედეგად, მოპოვებულია PTAC-ის მიერ ლიცენზირებული სუბიექტების საკონტაქტო ინფორმაცია – კერძოდ სამომხმარებლო კრედიტის გამცემების, ასევე სასამართლოს გარეშე ვალების ამოღების და კომპლექსური ტურისტული სერვისების მიმწოდებლების მონაცემები“, – აცხადებენ დაზარალებულ უწყებაში.

მოპარულია ბიზნესის 697 წარმომადგენლისა და PTAC-ის 34 ოფიციალური პირის საკონტაქტო მონაცემები – სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი. უმეტეს, თუმცა არა ყველა შემთხვევაში, ეს ინფორმაცია სხვა საჯარო რეესტრებში ისედაც ხელმისაწვდომია“, – აღნიშნულია PTAC-ის განცხადებაში.

გაჟონილი მონაცემებიდან 106 საკონტაქტო ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ ყოფილა. ინციდენტის შედეგად დაზარალებული სისტემა ამჟამად გათიშულია.

კიბერინციდენტების პრევენციის დაწესებულების (CERT.lv) კიბერუსაფრთხოების ექსპერტის, გინტს მალკალნიეტისის განმარტებით, რისკი, რომელიც ამ ინციდენტმა წარმოშვა, შედარებით მცირეა, ხოლო თავად თავდასხმა გაცილებით მარტივი იყო, წინა, CSDD-სა და LVM-სთან დაკავშირებულ შემთხვევებთან შედარებით.

ჰაკერები, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს, ლატვიიდან, რუსეთიდან ან ევროპიდან არ არიან, თუმცა CERT.lv-ი ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას არ ასაჯაროებს. ექსპერტმა მხოლოდ ის დასძინა, რომ მოპარული მონაცემები ჰაკერების ერთ-ერთ პოპულარულ ფორუმზე გამოქვეყნდა.

სტატიის და ფოტოს ავტორი: ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი (LSM – Latvijas Sabiedriskie Mediji)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი, 2026 წელი, 16:32 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი