კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება
კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების მიზნით, კიდევ ერთი პროექტი ნაძალადევის რაიონში, მუხრანის ქუჩა N9 ბ-ში განხორციელდება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უკვე დაწყებულია პროექტირება და სამსართულიან ავარიულ შენობას ახალი, ექვსსართულიანი კორპუსი ჩაანაცვლებს.

„ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევში კიდევ ერთ მისამართზე დაიწყო პროექტირება – კერძოდ, მუხრანის ქუჩის N9 ბ-ში. სამსართულიან ავარიულ შენობაში 30 ოჯახი ცხოვრობს. მოლაპარაკებები უკვე დავასრულეთ. ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეთანხმებული ვართ და მუნიციპალიტეტი მათ დროებით ქირით გაიყვანს. ამაში ხალხს არცერთი თეთრის გადახდა არ მოუწევს. მოხდება აღნიშნული შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი ექვსსართულიანი კორპუსი აშენდება, მოსახლეობა კი გარემონტებულ და მოწესრიგებულ ბინებში დაბრუნდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის შედგენა და ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შემდგომაც გამოცხადდება ტენდერები სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად.