კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების თემაზე რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს
კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების თემაზე რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს

თბილისში კიბერუსაფრთხოებასთან და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს.

რეგიონულ კონფერენციაზე განსახილველი მთავარი თემებია კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება, ინოვაციური ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტები და ამ სფეროში სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული ქვეყნის გამოცდილების გაზიარება.

წლევანდელი, 11-ე კონფერენცია დღეს დაიწყო. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გახსნა.
იუსტიციის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ახალი ტექნოლოგიების მნიშვნელობას სახელმწიფოსა და მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც მან აღნიშნა, ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორებიცაა ელექტრონული მმართველობის განვითარება, მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდების ერთიანი პლატფორმის – my.gov.ge-ს ფუნქციონირება, ელექტრონული დეკლარირების სისტემა, ელექტრონული აუქციონი და შესყიდვები, საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდება შეუძლებელი იქნებოდა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების გარეშე.

კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გაგნიძემ. მისი თქმით, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება წარმოუდგენელია ინფორმაციული უსაფრთხოების გარეშე.

მე-11 რეგიონულ კონფერენციას, რომელიც მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და ICT ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით იმართება, მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიება ორდღიანია და ხვალ დასრულდება. ხვალ მონაწილეები კიბერუსაფრთხოების სფეროს მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების პრეზენტაციებს მოისმენენ.

კონფერენცია საუკეთესო ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების ავტორთა დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. 15 ნომინაციაში წელს საჯარო და კერძო სექტორის 20 პროექტია წარდგენილი.