კიბერსპორტსმენი ფორმულა 1-ის პილოტი გახდა
კიბერსპორტსმენი ფორმულა 1-ის პილოტი გახდა

ბრიტანულმა საჯინიბო “მაკლარენმა” თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაცხადა, რომ საერთაშორისო ტურნირის World’s Fastest Gamer-ის გამარჯვებული, კიბერსპორტსმენი რუდი ვან ბიურენი გუნდის ტესტ-პილოტი გახდება.

25 წლის ჰოლანდიელი ყველაზე სწრაფი იყო ვიდეოთამაშში – მან 30 ათას კონკურენტს გაუსწრო. ფინალში ფორმულა 1-ის ყველაზე თანამედროვე ტრენაჟორზე მან თანამემამულე ფრიკ შოტორსტი დაამარცხა.

“ყოველდღიურ ცხოვრებაში გიწევს ალტერნატივის ძიება, რადგან რბოლები შენში ცხოვრობს, – აღნიშნა ვან ბიურენმა, რომელიც ადრე კარტინგში გამოდიოდა. – სურვილი გაქვს – გააგრძელო რბოლა, მაგრამ არ არსებობს ხელმისაწვდომი ვარიანტები. ყოველი ბიჭი, რომელიც კარტინგში გამოდის, ოცნებობს ფორმულა 1-ზე, მაგრამ, გარკვეულ მომენტში ოცნება ქრება. ახლა, World’s Fastest Gamer-ის მოგებით, ისევ ამ ოცნებით ვცხოვრობ”.

ვან ბიურენი “მაკლარენის” ტესტ-პილოტი 2018 წელს გახდება. მის მოვალეობებში შედის მუშაობა სიმულატორზე.

“რთულია სიტყვებით იმის აღწერა, რას ვგრძნობ ახლა. პირველად გასულ კვირას მივედი “მაკლარენის” ტექნოლოგიურ ცენტრში, დღეს კი აქედან თანამშრომლის რანგში მივდივარ – ეს დაუჯერებელია”, – დაამატა ჰოლანდიელმა.