კიბერრისკის თემაზე საერთაშორისო ვორქშოპი გაიმართა
კიბერრისკის თემაზე საერთაშორისო ვორქშოპი გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, თემაზე – „კიბერრისკი და კიბერმოქნილობა ფინანსური რეგულატორებისთვის” საერთაშორისო ვორქშოპი გაიმართა.

შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა, რომელმაც გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კიბერრისკის მართვის მზარდ მნიშვნელობაზე ფინანსური ინსტიტუტების ეფექტიანი ზედამხედველობის ფარგლებში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების TIBER-EU ჩარჩო, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური ზედამხედველობის კიბერრისკთან დაკავშირებული მიდგომები, კიბერუსაფრთხოება საქართველოში. ასევე, ისაუბრეს ფინანსურ სექტორში კიბერრისკების მართვასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე.

სამუშაო შეხვედრაში ევროპისა და კავკასიის რეგიონის 11 ქვეყნის – ჰოლანდიის, პოლონეთის, ისრაელის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ხორვატიის, ბულგარეთის, რუმინეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მონტენეგროს ცენტრალური ბანკებისა და საფინანსო საზედამხედველო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.