პოპულარულმა გამოცემა „ბიზნეს-ონლაინმა“ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკა.
მიუნხენის „ბაიერნი“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „აიაქსი“, „ნაპოლი“ – ეს არის ევროპული ტოპ-კლუბების სია, რომელსაც მედია „რუბინის“ ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესს უკავშირებს. თუ ადრე ყაზანის კლუბმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას ოფიციალური წინადადებით არავინ მიმართა, სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად შეუძლებელი გახდა თავდამსხმელის მიმართ გაზრდილი ინტერესის უარყოფა.
„რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ Match TV-სთან ახლახან მიცემულ ინტერვიუში გააზიარა თავისი პროგნოზი: „ვფიქრობ, ის გუნდს ამ ზაფხულს დატოვებს“. მისი აზრით, უმჯობესია ქართველმა ბიჭმა თავი გამოსცადოს ნებისმიერი ევროპული ჩემპიონატის მეორე ეშელონის გუნდებში და დაუყოვნებლივ ტოპ-კლუბში არ წავიდეს.
– არის ერთი ახალგაზრდა ქართველი ტალანტი – ზურიკო დავითაშვილი, რომელთანაც „რუბინში“თამაშობდით. თქვენ საქართველოდან მეგობრობთ?
– 11 წლიდან ერთად ვართ. როდესაც პატარები ვიყავით, გვერდიგვერდ ვთამაშობდით. თუ მასთან შემადგენლობაში ვარ, მაშინ თამაში უკეთესად გამოგვდის. მასთან თავს კარგად ვგრძნობ, ვიცი სად გასცემს პასს და რომელ ადგილზე გაიხსნება. ის ნიჭიერია. ვფიქრობ, ყველა შესაძლებლობა აქვს, დიდ კლუბში ითამაშოს.
– საბჭოთა პერიოდში „დინამო“ სუპერკლუბად ითვლებოდა, წარმატებით თამაშობდა ევროპულ შეჯიბრებებში. შეგიძლიათ ეს გუნდი ამჟამინდელ „რუბინს“ შეადაროთ?
– რუბინის ინფრასტრუქტურა უფრო განვითარებულია, ვიდრე თბილისური კლუბის. საკმარისი მოედნები არაა. ამავე დროს, „დინამოს“ აქვს კარგი ბაზა. საქართველოში მხოლოდ 3-4 გუნდია მსგავსი პირობებით, კარგი სტადიონებით.
– თუ „რუბინი“ საქართველოს ჩემპიონის წინააღმდეგ ითამაშებს, როგორ დასრულდება მატჩი?
– რა თქმა უნდა, „რუბინი“ გაიმარჯვებს, მაგრამ საქართველოში შესანიშნავი გუნდები არიან. მაგალითად, თბილისურმა „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ ევროპული შეჯიბრებიდან გააგდო. საქართველოში ძლიერი ინდივიდუალური ფეხბურთელები არიან, რაც ჩემპიონატს ხარისხს მატებს. არის პროგრესი და განვითარება. აშენებენ სტადიონებს, ბაზებს.
– ტაქტიკის თვალსაზრისით, ძნელი იყო რუსულ ფეხბურთთან შეწყობა?
– ადვილი იყო, რადგან „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი სიომინი გახლდათ. მასთან პირველივე საუბრის შემდეგ მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა. ვვარჯიშობდი, ვუყურებდი „ლოკომოტივის“ სხვა მოთამაშეებს და საბოლოოდ ვისწავლე.
– როგორი დამოკიდებულება აქვს ზოგადად თქვენს თაობას საქართველოში რუსეთისადმი?
– პოლიტიკური კითხვაა. არ მსურს ამაზე კომენტარის გაკეთება.
– ვინ არის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი საქართველოს ისტორიაში?
– ვფიქრობ, კახა კალაძე. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. შემტევი მოთამაშეებიდან გიორგი ქინქლაძე. მას მესის მსგავსი ნიჭი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ვფიქრობ, მას შეეძლო ოქროს ბურთის მოპოვება. ძნელია მესამე დაასახელო, ბევრი ძლიერი იყო – ძმები არველაძეები, თემური ქეცბაია. ყველას ჩამოთვლა არ შეიძლება.
– ვინ არის შენი საყვარელი ქართველი მოთამაშე?
– მომწონდა როგორ თამაშობდა ქინქლაძე, მაგრამ კალაძე ყველაზე წარმატებული გახდა. იმ დროს, ჩემი ასაკის გამო, ქინქლაძის თამაშებს ვერ ვუყურებდი, ახლა კი გადახედვის შესაძლებლობა არსებობს. ტალანტია! საქართველოში ყველა ამბობს, რომ დიდი პოტენციალი ჰქონდა.
– საქართველოში უკვე სუპერვარსკვლავი ხართ?
– არა!
– მაგრამ თქვენ ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს…
– კარგია, მაგრამ მე კიდევ მაქვს გასაკეთებელი. დიახ, აღიარება დიდია, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ქუჩებში, რა თქმა უნდა, მცნობენ. იღებენ სურათებს, მთხოვენ ავტოგრაფებს. ბევრმა დაიწყო „რუბინის“ მატჩების ყურება.
– ადრე ამბობდნენ, თქვენ ბადრი კვარახელიას შვილი ხართ და ახლა მასზე ამბობენ, რომ ის ხვიჩის მამაა?
– (იცინის) რა სიმაღლეზეც უნდა ავიდე, მაინც მამაჩემის შვილი ვარ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ მას ვაჯობო.
– წარმოვიდგინოთ შემდეგი სიტუაცია: სლუცკი გახდა რუსეთის ნაკრების მწვრთნელი და ნაკრებში მიგიწვიათ. რას უპასუხებდით?
– მე ქართველი ვარ, დავიბადე საქართველოში და მაინც ჩემი ქვეყნისთვის ვითამაშებ. დიახ, მსოფლიო ჩემპიონატებსა და ევროპის ჩემპიონატებში მოხვედრის ნაკლები შანსია, მაგრამ ეს ჩემი მშობლიური ქვეყანაა. რაიან გიგზი თამაშობდა უელსში და დიდი ტურნირებზე არ მოხვედრილა, შემდეგ კი გარეთ ბეილი მოვიდა და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანა. ყველას თავისი გზა აქვს.
– ოდესმე გიჩხუბიათ?
– მეგობრებთან ერთად ეზოში – რა თქმა უნდა.
– ყოველ კვირას ჩნდება სიახლე, რომ თქვენით ერთ-ერთი უცხოური კლუბი ინტერესდება. თუ არა დღეს, ხვალ კარგ გუნდში წაგიყვანენ. რომელ კლუბში გსურთ თამაში?
– ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი მადრიდის „რეალს“. მაგრამ უფრო ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ, ვიდრე კონკრეტულ კლუბში გადასვლაზე.
– დაბოლოს, გვინდოდა გვეკითხა: რუსტემ საიმანოვმა თქვა, რომ მას ძალიან სურს გუნდში თქვენი შემდეგი წლისთვის დატოვება. დათანხმდები?
– არ ვიცი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ახლა ძნელია, რადგან არ ვიცი რა იქნება ხვალ. მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ყოველთვის არის განვითარების შანსი, ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ შენს თავზე.
– სანამ დრიბლინგს იწყებთ, ფიქრობთ თქვენს მოქმედებებზე თუ ყველაფერი ინტუიციურად მოდის?
– ეს ყოველთვის უფრო ინტუიციურია, რადგან შეუძლებელია რამე მოიფიქრო და წინასწარ დაგეგმო. თამაშის დროს, ეს თავისთავად მოდის.